მასაჩუსეტის კვების სამედიცინო საზოგადოების თანახმად, ფასთ-ფუდი განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევს გაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. საკვები შეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი, კომბიცხიმი) და ასევე კანცეროგენულ აკრილამიდს. გამაგრილებელ სასმელებში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც საშიშია არა მხოლოდ კალორიულობის, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობის გამოც. ფასთ-ფუდებში რეგულარული კვება არღვევს კალციუმის შეწოვას. საზოგადოდ, სწრაფი კვების მავნეობა 3 ძირითად ფაქტორს უკავშირდება:
- ცხიმების, მარილისა და შაქრის ჭარბ შემცველობას, საკვების მაღალ ენერგეტიკულ ღირებულებას;
- უჯრედისით ღარიბ პროდუქტებს;
- ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებ შემცველობას.
რაც შეეხება კანცეროგენულობას, აუცილებელია დავაზუსტოთ: კანცეროგენულია არა თვით საკვების კომპონენტები, არამედ მათი მომზადების ტექნოლოგია. წონის მატებას ამგვარი საკვები ნამდვილად იწვევს – მისი მომზადებისას გამოყენებული ტრანსცხიმები (ცხიმოვანი მჟავების არანატურალური იზომერები) ჩვეულებრივ ცხიმებზე გაცილებით ნელა და ძნელად იშლება. წინათ მიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ მავნე ქოლესტერინის დონეს ზრდიდა, ბოლოდროინდელი გამოკვლევები კი ადასტურებს, რომ ქოლესტერინთან ერთად იზრდება სისხლში ნახშირწყლების, კერძოდ, გლუკოზის დონეც, ყალიბდება ინსულინრეზინსტენტობა და იმატებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა. ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ დანიაში აბსოლუტურად აკრძალეს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, აშშ-ში კი მწარმოებლებს მოსთხოვეს, პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობის შესახებ ეტიკეტებზე განეთავსებინათ ინფორმაცია, რის შემდეგაც ზოგიერთმა მწარმოებელმა საგრძნობლად შეამცირა მათი გამოყენება. ყოველივე ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი მაინც ყოველდღიურად მიირთმევს ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს, ბიგმაკებს, კარტოფილ-ფრისა და სხვა საკვებს. ფასთ-ფუდის პოპულარობის მთავარი მიზეზი ცხოვრების აჩქარებული ტემპი და დროის უქონლობაა.
No comments:
Post a Comment