Tuesday, December 10, 2013

სწრაფი კვების ისტორია



  სწრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა: ფარდულებში იყიდებოდა ცომის ფირფიტები, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვა. ასეთივე ლავაშები იყიდებოდა ძველი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია კი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში, დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდიდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald’s-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald’s-ი დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

Monday, December 9, 2013

სწრაფი კვება ავტომანქანებიდან

ყოველდღიურად 2.5 მილიარდი ადამიანი სარგებლობს ქუჩაში სწრაფი კვების ობიექტებით. სწრაფი კვების ობიექტები წარმოდგენილია სხვადასხვა სახით, ეს შეიძლება იყოს ჯიხური, კაპიტალური შენობა ან თუნდაც ავტომობილი.

ტრადიციულად ისეთ ქალაქებში როგორიც ნიუ-იორკია, სწრაფი კვების ობიექტების მთავარი მომხმარებლები უცხოელი იმიგრანტები იყვნენ. თუმცა უკვე რამდენიმე წელია რაც სწრაფი კვების მანქანებმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვეს შეერთებულ შტატებში, კანადაში და დასავლეთ ევროპაში. ეს მანქანები პრაქტიკულად რესტორნებია ბორბლებზე, რომლებიც გარდა ტრადიციული სწრაფი კვების პროდუქტებისა, გურმანებისათვის სასურველ კერძებსაც სთავაზობენ მომხმარებლებს. მაგალითად : კორეული ბარბიქიუ, სხვადასხვა ტიპის უგემრიელესი ნამცხვრები, ინოვაციური ნაერთები სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოებიდან. ავტო რესტორნების ტრენდი უფრო და უფრო იკიდებს ფეხს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მისი მთავარი უპირატესობა გადაადგილების შესაძლებლობაა. მსგავსი ტიპის ობიექტები განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებს შორის სარგებლობს.

გადაადგილების შესაძლებლობის გამო, ეს ავტორესტორნები ირჩევენ ხალხმრავალ ადგილებს და დიდ ქალაქებს, როგორიცაა: ნიუ-იორკი, ლოსანჯელესი, სან-ფრანცისკო და ა.შ. ამ ობიექტებმა იპოვეს თავიანთი ნიშა სწრაფი კვების ბიზნესში. განსაკუთრებით ბევრ ავტორესტორანს შეხვდებით კოლეჯების და უნივერსიტეტების კამპუსებთან, მეტრო სადგურებთან და სხვა ხალხმრავალ ადგილებში.


მსგავსი ტიპის ობიექტები როგორც წესი ერთი ადამიანის მფლობელობაშია, რაც დამატებითი ხარჯებისაგან მას ათავისუფლებს. თუმცა მათ უწევთ დაემორჩილონ შეზღუდვებს და ლიმიტებს სახვადასხვა ქუჩებზე. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამკაცრდა კანონი ავტორესტორნების მიმართ და მათ თხოვენ სხვადასხვა ტიპის გადასახადებს: ლიცენზიის გადასახადს, დაზღვევას და ა.შ. რის გამოც ბიზნესი არამომგებიანი ხდება. სწორედ ამიტომ ზოგიერთი ავტორესტორანი ლიცენზირების გარეშე უკანონოდ ფუნქციონირებს, რაც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ავტორესტორნებმა დიდი როლი შეასრულეს ქარიშხალი ,,სენდის” დროს. მაშინ როცა მაღაზიების და რესტორნების უმრავლესობა დახურული იყო, ეს ობიექტები სრული დატვირთვით მუშაობდნენ, როგორც დამოუკიდებლად ასევე მთავრობის დაფინანსებით. ავტო რესტორნებმა დაზარალებულ მოსახლეობაზე 10000 უფასო კერძი გასცეს.